მაგნიტსკის აქტის ავტორმა, ბილ ბრაუდერმა ფორმულას ეთერში იმ ზომებზე ისაუბრა, რასაც მაგნიტსკის სიაში მოხვედრილი ადამიანების წინააღმდეგ მიმართეს და განაცხადა, რომ "ეს გაფრთხილებაა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ციხეში აწამებს".
ბრაუდერის თქმით, ამ ეტაპზე სააკაშვილის იურიდიული გუნდი მის წინააღმდეგ უფლებადარღვევის ფაქტებზე მტკიცებულებებს აგროვებს და საქართველოშიც და საზღვარგარეთაც ცდილობენ, ეს მტკიცებულებები შეაჯერონ. ბრაუდერის თქმით, ჯერ "სააკაშვილის სია" არ აქვთ, თუმცა ჩამოყალიბებისთანავე გაასაჯაროებენ.
მაგნიტსკის აქტის ავტორის თქმით, როცა ადამიანი მაგნისტკის სიაში ხვდება 2 რამ ხდება: მათი აქტივები იყინება და ვიზები უუქმდებათ - მათ არ შეუძლიათ იმ ქვეყნებში მოგზაურობა, რომლებმაც ისინი ამ სიაში შეიყვანეს. ბრაუდერის თქმით, ეს ადამიანები ხდებიან "გარიყულები საერთაშორისო დონეზე" - არავის სურს მათთან ბიზნესის წარმოება, ბანკები ანგარიშებს არ უხსნიან, ისინი ფინანსური სამყაროსთვის "ტოქსიკურები" ხდებიან.
"ეს არის გამანადგურებელი მდგომარეობა ყველასთვის, ვინც ამ სიაში მოხვდება. როგორც კი მოხვდები ამ სიაში მისგან თავის დაღწევის გზა აღარ არსებობს, სამუდამოდ. ეს ადამიანის უფლებათა დამრღვევებისთვის სასჯელია მთელი ცხოვრების განმავლობაში" - განაცხადა ბილ ბრაუდერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს გაფრთხილებაა საქართველოს ხელისუფლებისთვის, "რომ მიხეილ სააკაშვილის ამ წამებას ექნება, პირადი შედეგები მათთვის, ვინც ამ წამებაში პირადადაა ჩაბმული".
ბრაუდერის თქმით, სააკაშვილის საქმეზე მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ ამ დოკუმენტაციას სხვადასხვა ქვეყნების უწყებებს გადასცემენ: აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტს, გაერთიანებულ სამეფოში საგარეო და თანამეგობრობის უწყებას, ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახურს და კანადაში გლობალური ურთიერთობების სამსახურს. ბრაუდერის ცნობით, ეს უწყებები დოკუმენტაციას განიხილავენ და დაადგენენ, ადგილი ჰქონდა თუ არა ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას და წარდგენილი მტკიცებულებები ადგენს თუ არა ამ დარღვევებში კონკრეტული ინდივიდების პასუხისმგებლობას .
"ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან ყოფილ პრეზიდენტია, ვისაც აწამებენ, ვფიქრობ მას უმაღლესი პრიორიტეტი მიენიჭება როცა ეს ხელისუფლებები მიიღებენ ამ აპლიკაციებს" - განაცხადა ბრაუდერმა.
მაგნიტსკის აქტის ავტორის თქმით, მნიშვნელოვანია, წარდგენილ მასალაში მკაფიოდ ჩანდეს კონკრეტული პირების, მათ შორის პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაც. ხოლო იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, ბრაუდერის აზრით, სააკაშვილის სიაში უმაღლესი თანამდებობის პირებიც, მათ შორის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც შეიძლება მოხვდეს.
ბრაუდერის თქმით, ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა ქვეყნის ყოფილ ლიდერს ახალი ხელისუფლება პოლიტიკურად მოტივირებულად ასამართლებს და ციხეში კლავს.
"დასავლეთში ყველა შოკირებულია და გარანტიას გაძლევთ, რომ ყველა მნიშვნელოვან ქვეყანაში ხალხი იმდენს გააკეთებს, რომ ის ადამიანები, ვინც ამაზე პასუხისმგებლები იქნებიან საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ" - განაცხადა ბილ ბრაუდერმა.
მაგნიტსკის აქტი 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. ამ აქტის მთავარი მიზანი რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იყო, ვინც მოსკოვის ციხეში 2009 წელს საგადასახადო მრჩევლის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.
სერგეი მაგნიტსკი უკრაინული წარმოშობის რუსი საგადასახადო მრჩეველი იყო, ვინც რუსეთის ხელისუფლება კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა. ის 2008 წელს დააპატიმრეს და 11 თვეში ციხეში დაიღუპა.
2016 წელს მიღებულ გლობალურ მაგნიტსკის აქტის მიღების შემდეგ კი აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია ადამიანი უფლებების დარღვევის ფაქტების გამო მსოფლიოს მასშტაბით უცხო ქვეყნის ხელისუფლების წევრებს სანქციები დაუწესოს: გაყინოს მათი ქონება და აუკრძალოს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.
2022 წლის 23 დეკემბერს მაგნიტსკი აქტის ავტორმა ბილ ბრაუდერმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და თუ მას სამკურნალოდ ევროპაში არ გადაიყვანენ, ამას "მხოლოდ მკვლელობა შეიძლება ეწოდოს".
ბრაუდერის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.
პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მაგნიტსკი აქტის ავტორს ბილ ბრაუდერს 2023 წლის იანვარში მიმართა, რომ მის საქმესთან დაკავშირებით ახალი მაგნიტსკის სიის შექმნაში დაეხმაროს, ვიდრე "ლეტალური შედეგი დადგება".
ბილ ბრაუდერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 8 იანვარს უპასუხა და იმ დოკუმენტების გადაცემა სთხოვა, რომელშიც აღნიშნული იქნება, თუ ვინ არის პასუხისმგებელი სააკაშვილის წამებასა და მოწამვლაზე.
12 იანვარს ფორმულამ მოიპოვა იმ ადამიანების სახელი და გვარები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სიაში შევლენ. ასეთი, დაახლოებით, 20 ადამიანია, მათ შორის არიან საჯარო მოხელეები.
ფორმულას ინფორმაციით, სიაში იქნებიან იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, პროკურორი ლევან ვეფხვაძე, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთმელიძე, გლდანის ციხის ხელმძღვანელი ნოდარ ქინქლაძე და რუსთავის მე-12 დაწესებულების უფროსი ზურაბ მოდებაძე. ეს არის არასრული სია იმ ადამიანების, რომლებიც მაგნიტსკის ანალოგის, ანუ სააკაშვილის სიაში შევლენ.